სამუშაო ჯგუფები

მიზანი

საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების მიზნით, კომისიის ფარგლებში შექმნილია თემატური სამუშაო ჯგუფები, სადაც კომისიის წევრ უწყებებთან ერთად საქმიანობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები და მოწვეული ექსპერტები.

მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი

2011 წლის 25 თებერვალს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნა მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა, საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

მიგრაციის ლაბორატორია

მიგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობის გააქტიურების კვალდაკვალ და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) შექმნასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიის არსებობის საკითხი. აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების მიზნით, 2011 წლის 19 მაისს ჩამოყალიბდა მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა საქართველოს 2013–2015 წლების და საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიები. ხოლო, 2020 წელს მომზადდა თვისებრივად ახალი სტილის 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებულ - პოლიტიკის დაგეგმვის ახალ სამთავრობო რეგულაციებთან. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ასევე მუშავდება მიგრაციის სტრატეგიის ყოველწლიური სამოქმედო გეგმები.

2019 წლის თებერვალში მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფი გარდაიქმნა მიგრაციის ლაბორატიორიად, რადგან მისი საქმიანობის არეალი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიგრაციის ლაბორატორიის ფარგლებში, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან ერთად, ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის ევროპული ქსელის ყოველწლიურ ანაგრიშებზე (რამაც ჩაანაცვლა მოკლე და საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილები) მუშაობა, მიგრაცია და განვითარების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია და სხვადასხვა ანალიტიკური პროდუქტების მომზადება.

მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის (მეას) შექმნაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი 2014 წლის 7 თებერვალს ჩამოაყალიბა და განუსაზღვრა სამოქმედო მიმართულებები. მომდევნო წლებში, სისტემის განვითარების საჭიროებიდან გამომდინარე, პერიოდულად იცვლებოდა სამუშაო ჯგუფის წევრობა და პრიორიტეტები. 2018 წლის გაზაფხულზე, მეას-ის საცდელ რეჟიმში ამუშავების შემდეგ, კიდევ ერთხელ გადახალისდა ჯგუფის შემადგენლობა და ანალიტიკური სისტემის მომხმარებელი უწყებების ანალიტიკოსებით დაკომპლექტდა.

სამუშაო ჯგუფის ახალი შემადგენლობის მიზანია მეას-ის ფარგლებში განხორციელებული ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია, მონაცემთა ხარისხის და მონაცემთა მართვის გაუმჯობესების საკითხებზე თანამშრომლობის ხელშეწყობა. მეას-ის სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია 9 სახელმწიფო უწყება; ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

2019 წლის 11 თებერვლის მსსკ-ს სხდომაზე ჯგუფის სახელწოდებად განისაზღვრა მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სამუშაო ჯგუფი.

მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფი

რეგიონში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მიგრაციის რისკების ანალიზის სისტემის შექმნა და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

2015 წლის სექტემბერში, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ფარგლებში, შეიქმნა მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფი. მისი საქმიანობის მთავარი მიზანია მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის განხორციელება. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

უცხოელთა ინტეგრაციის (2016) და სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფების (2011) შერწყმის საფუძველზე, 2017 წლის დეკემბერში მსსკ-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა ინტეგრაციის საკითხთა სამუშაო ჯგუფი. გაერთიანებული ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განხორციელების კოორდინაცია და უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარება და ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის მიზნით გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციებისა თუ საკანონმდებლო წინადადებების მომზადება.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.