მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და ლატვიის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

მიგრაციის უკლებლივ ყველა ასპექტზე ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობა უკვე განისაზღვრა, როგორც ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტი. თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის სფეროებში ფართო სპექტრის ფარგლებში არსებულ განვითარებებზე წევრ ქვეყნებს შორის და მათ შიგნით ინფორმაციის გაცვლის გასაუმჯობესებლად, ინფორმაცია უნდა იყოს მაქსიმალურად შედარებადი EMN-ის წევრ (ევროკავშირის წევრი ქვეყნები დანიის გარდა) და დამკვირვებელ ქვეყნებს (საქართველოს ჩათვლით) შორის, რისთვისაც საჭიროა ტერმინების თანმიმდევრული გამოყენება. იმისათვის, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელებს და ფართო საზოგადოებას მიაწოდოს უახლესი, ობიექტური, სანდო და შედარებადი ინფორმაცია, მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად ანახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს და აღწერს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს.

ქსელის თავშესაფრისა და მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი წარმოადგენს მისი ანალიტიკური საქმიანობის ევროკავშირის მასშტაბით შემუშავებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მულტიდისციპლინურ და პროდუქტს, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას ტერმინთა ურთიერთშედარების შესაძლებლობის შექმნის, მათი განმარტებების ერთიანი აღქმისა და შესაბამისად, გამოყენების ხელშეწყობის გზით. ლექსიკონი განკუთვნილია როგორც მიგრაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთათვის, ასევე სფეროს პრაქტიკოსებისთვის, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ამის გათვალისწინებით, 2023 წლის 7 ივნისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის დაფინანსებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირისა და ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის თანამშრომლობით.

ჰიბრიდული კონფერენციის მიზანი იყო: ხაზგასმით აღნიშნულიყო ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა როგორც ევროკავშირისთვის ისე მის ფარგლებს მიღმა (მათ შორის დამკვირვებელ ქვეყნებში); უზრუნველყოფილიყო უფრო სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პუნქტების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს პრაქტიკოსების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან გაუზიარებენ ურთიერთს ცოდნას და გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების საკუთარ მიდგომებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით თარგმნის ან გარკვეული ტერმინების ეროვნულ პროფესიულ ლექსიკაზე მორგების თვალსაზრისით.

მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში წამოჭრილი საკითხების გასაანალიზებლად. საქართველო 2021 წელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა ქსელს და აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით თარგმნა აღნიშნული ლექსიკონის ტერმინები და ისინი ახლა გაერთიანებულია ქსელის საერთო ონლაინ-ბაზაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენებზე არსებულ ტერმინებთან ერთად.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი