დოკუმენტების გაყალბების გამოვლენის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების პერსონალისთვის 23 დეკემბერს თბილისის იუსტიციის სახლში ჩატარდა ტრენინგი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენის საკითხებში.

ტრენინგი წარმოადგენდა დამასრულებელ ნაწილს მიმდინარე წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია საქართველოს საჯარო უწყებების შესაძლებელობათა ზრდაზე სამოქალაქო სტატუსისა და საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების წარმოების პროცესში მათი ნამდვილობის დადგენასა და სავარაუდო გაყალბების ნიშნების ამოცნობაში. ტრენინგის მონაწილეთა შერჩევისას ამჯერად ძირითადი აქცენტი გაკეთდა კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე.

ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და შესაბამისად, საქართველოს, როგორც დანიშნულების, ასევე სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის ჭრილში.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში.