საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემა

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლის გარეშე შეუძლია მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ასეთ შემთხვევაში არსებობს პასპორტის მიღების სამი გზა:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშუალებით - საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება საქართველოს მოქალაქის პასპორტს გასცემს განაცხადის შეტანიდან 45 დღის ვადაში. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მანამდე აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, უფლება აქვს, მიიღოს პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე;

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშუალებით საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების შესახებ დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularServices

2. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე - რწმუნებულებით აღჭურვილი პირი შესაბამისი მინდობილობითა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტებით მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრივ ცენტრს ან იუსტიციის სახლის ფილიალს. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა მე-5 ან მე-10 სამუშაო დღეს, შესაბამისი საფასურის მიხედვით;

შენიშვნა: მინდობილობის საფუძველზე პასპორტის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სერვისით - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე განცხადების შევსება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი. ამისთვის განმცხადებელი უნდა შევიდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე: http://sda.gov.ge/?page_id=5319 და განაცხადის შევსებასთან ერთად, განახორციელოს ვიდეოზარი სააგენტოს ოპერატორთან. Skype-ის ქსელში სამსახურის სახელია: sda.gov.ge. დისტანციური მომსახურების საშუალებით საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

დისტანციური მომსახურებით სარგებლობისას დაინტერესებულ პირს შეუძლია, აირჩიოს დამზადებული პასპორტის მიღების სასურველი ფორმა:

  • მიიღოს დამზადებული დოკუმენტი საფოსტო მომსახურების მეშვეობით;
  • განაცხადში დაასახელოს (მისი ნდობით აღჭურვილი) მესამე პირი, რომელიც საქართველოში მიიღებს დამზადებულ დოკუმენტს.

დისტანციური სერვისით საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების შესახებ დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://sda.gov.ge/?page_id=5319.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში ყოველდღიურად მუშაობს. სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია ინტერნეტით ან ტელეფონის ნომერზე: +995 322 401 010. დამატებითი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის პასპორტის დისტანციურად გაცემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.sda.gov.ge, www.psh.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი