მიგრანტთა საერთაშორისო დღე

მსოფლიოში მიგრანტთა ყოველწლიურად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს, 18 დეკემბერი გამოაცხადა მიგრანტთა საერთაშორისო დღედ, რომელიც მას მერე, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. ეს თარიღი განაპირობა ამ დღეს 1990 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღებამ.

გაერო-ს წევრ ქვეყნებს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეთავაზათ, რომ მიგრანტთა საერთაშორისო დღე ყველა ქვეყანაში აღინიშნოს ადამიანის უფლებებისა და მიგრანტთა ძირითადი თავისუფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების, ასევე მათი უფლებების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ზომების მიღებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

2013 წელს გაერო-ს საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების უმაღლესი დონის დიალოგის შეხვედრაზე წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს დეკლარაცია რომელშიც ხაზგასმით დაგმობილია რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის გამოვლინებები მიგრანტებთან დაკავშირებით.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ყველა მიგრანტს ულოცავს მიგრანტთა საერთაშორისო დღეს და ღრმად სჯერა, რომ ქვეყანაში სწორი და მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის გატარების გზით კიდევ უფრო განამტკიცებს მიგრანტთა უფლებების დაცვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობებისა და სოციალური სამართლიანობის განმტკიცებისთვის.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი