მრგვალი მაგიდა საჯარო პოლიტიკის, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთქმედების საკითხებზე

2014 წლის 4 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართება მრგვალი მაგიდა, საჯარო პოლიტიკის, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთქმედების საკითხებზე. შეხვედრას ორგანიზებას უწევს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

OECD-ის განვითარების ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის თემატური პროგრამის ფარგლებში და იკვლევს საჯარო პოლიტიკის, მიგრაციისა და განვითარების ურთიერთქმედების საკითხებს პარტნიორ ქვეყნებში. მიგრაციის მზარდი დატვირთვისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ქვეყნის განვითარების კუთხით, საქართველო პროექტში ჩართულ 10 ქვეყანას შორის ერთ-ერთია.

როგორც 2013 წლის 25 ივლისს ხსენებული პროექტისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის საბოლოო მიზანია, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობათა ზრდა განვითარების სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელებისას მიგრაციის საკითხების ჩართვის კუთხით, რაც უნდა დაეფუძნოს სექტორალურ პოლიტიკასა და მიგრაციას შორის არსებული კავშირების უკეთ გააზრებას.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესის ანგარიში.
 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი